ამბავი როსტევან არაბთა მეფისა შინაარსი: არაბეთში მეფობდა როსტევანი, დიდებული და ბედნიერი ხელმწიფე. ის იყო ბრძენი, ენამჭევრი, თავმდაბალი, გულმოწყალე და სამართლიანი მმართველი. მას ჰყავდა უთვალავი ლაშქარი და თავად გამორჩეული მეომრის სახელი ჰქონდა მოხვეჭილი.
როსტევანს ვაჟი არ ჰყავდა, მხოლოდ ერთადერთი ასული – უმშვენიერესი თინათინი. როცა ქალიშვილი გაიზარდა, მისმა სილამაზემ თვით მზეც კი დაჩრდილა. ის გახდა ქვეყნის მანათობელი, მისი ქებისთვის ათასჯერ ათას ენასაც კი დაღლა შეეძლო.
“სხვა ძე არ ესვა მეფესა, მართ ოდენ მარტო ასული, სოფლისა მნათი მნათობი, მზისაცა დასთა დასული, მან მისთა მჭვრეტთა წაუღის გული, გონება და სული, ბრძენი ხამს მისად მაქებრად და ენა ბევრად ასული”
ერთხელ როსტევანმა თავისი ვეზირები მოიხმო და წყნარი, ალერსიანი საუბარი გაუმართა. მან აუხსნა, რომ თავისი რჩევა სჭირდებოდათ. მეფემ თქვა: “როცა ვარდი დაჭკნება, მის ადგილას ბაღში სხვა ვარდი იფურჩქნება და ყვავის”.
„რა ვარდმან მისი ყვავილი გაახმოს, დაამჭნაროსა, იგი წავა და სხვა მოვა, ტურფასა საბაღნაროსა”.
მეფემ ვეზირებს გამოუტყდა, რომ სიბერემ უკვე შეიპყრო, და მალე დატოვებდა ამქვეყნიურ ცხოვრებას. მისი აზრით, დრო დადგა, როსტევანის ადგილი მის ქალიშვილს, თინათინს დაეკავებინა, რომელიც მასზე უკეთესი იქნებოდა.
ვეზირებმა პატივისცემით უპასუხეს, რომ მეფე ჯერ არ იყო დაბერებული, მაგრამ იმავდროულად აღიარეს, რომ თინათინი მართლაც ღირსეულად შეცვლიდა მას. მათი თქმით, თინათინი თუმცა ქალი იყო, მაგრამ ნამდვილად მეფედ დაბადებულიყო: “ლეკვი ლომისა სწორია, ძუ იყოს, თუნდა ხვადია”.
როსტევანის სარდალი ავთანდილი ამ დროს არაბეთის მხედართმთავრის ძე იყო. ეს ახალგაზრდა ჭაბუკი იყო მზისა და მთვარის მსგავსი, სწორი და ტანადი. მას ფარულად უყვარდა თინათინი და როცა მას ვერ ხედავდა, ფერმკრთალდებოდა, ხოლო ნახვისას კვლავ ცეცხლი ეკიდებოდა.
როსტევანმა მთელ სამეფოს გამოუცხადა თავისი გადაწყვეტილება თინათინის გამეფების შესახებ. მთელი არაბეთი შეიკრიბა ამ ცერემონიალზე. მოვიდა ავთანდილი, უთვალავი ლაშქრის სარდალი და ვეზირი სოგრატი, მეფის ურჩეველესი მრჩეველი.
მეფემ პირადად მიიყვანა თინათინი ტახტთან, დაადგა გვირგვინი, გადასცა სკიპტრა და მეფის სამოსით შემოსა. ყველას თინათინის ბრძნული მზერა მზის სხივებად ეფინებოდა. მეფემ და მისმა მხედრობამ თაყვანი სცეს და მეფედ აკურთხეს. ზეიმი გაიმართა, ბუკ-წინწილები აჟღერდა.
თინათინს თვალზე ცრემლი მოადგა, წამწამები მორცხვად დახარა. მას არ მიაჩნდა თავი ღირსად, რომ მამის ტახტზე მჯდარიყო. როსტევანმა ასული დაამშვიდა და ასე დაარიგა:
“ყველა შვილი მემკვიდრედ რჩება მშობელს. ნუ იტირებ, არაბეთის მეფე შენ ხარ და ეს სამეფო შენზეა მინდობილი. ბრძნულად გაუძეხი საქმეს, იყავი თავმდაბალი და გონიერი. როგორც მზე ერთნაირად ანათებს ყველაფერს, ასევე შენც თანაბრად მოეპყარი დიდებულებსაც და მდაბიოებსაც. გახსოვდეს, რომ უხვი ადამიანი ურჩს იმორჩილებს. უხვად გასცემდე საბოძვარს, და არც შენ დაგაკლდება.”
„მეფეთა შიგან სიუხვე, ვით ედემს ალვა, რგულია უხვსა ჰმორჩილობს ყოველი, იგიცა ვინ ორგულია. სმა-ჭამა – დიდად შესარგი, დება რა სავარგულია?! რასაცა გასცემ შენია, რაც არა, დაკარგულია!”
თინათინი ყურადღებით უსმენდა მამას. მისი სილამაზე იმდენად აღემატებოდა მზისას, რომ თვით მზე ცდილობდა მისი მსგავსი ყოფილიყო: “თინათინ მზესა სწუნობდა, მაგრა მზე თინათინობდა”.
როსტევანმა დიდი ნადიმი გამართა. თინათინმა კი თავის გამზრდელს უბრძანა მოეტანა მთელი მისი განძეულობა და ცხენის ჯოგი. ყველაფერი რაც ჰქონდა, მან იმ დღეს დაარიგა. ქალს თუ კაცს, მდაბიოს თუ დიდებულს – ყველას გაუნაწილა საბოძვარი, “ჰგვანდა სიუხვითა ბუქსა, ზეცით ნაბუქალსა”.
მეორე დღესაც როსტევანმა უამრავი ხალხი მოიწვია. სუფრის თავში იჯდა ავთანდილი, “მჭვრეტთაგან მოსანდომია, სპათა სპასპეტი, ჩაუქი, ვითა ვეფხვი და ლომია”. მას გვერდით ვეზირი სოგრატი ეჯდა. ანაზდად მეფემ გუნება შეიცვალა და დასევდიანდა.

ავთანდილმა და სოგრატმა გადაწყვიტეს გაერკვიათ, რა დაემართა მეფეს. ისინი მიუახლოვდნენ როსტევანს და ვეზირმა ხუმრობით ჰკითხა, ხომ არ იმის გამო დაღონდა, რომ თინათინი უხვად გასცემდა საუნჯეს. მეფემ გაიღიმა და უპასუხა, რომ მას სიძუნწეს ტყუილად აბრალებდნენ.
როსტევანმა გაამხილა, რომ მას სწყინდა, რადგან დაბერდა და ვაჟი არ ჰყავდა, რომელიც მშვილდოსანი და მოასპარეზე იქნებოდა. მხოლოდ ავთანდილი იყო ერთადერთი, ვისაც სამამაცო საქმეები ესწავლა მისგან.
ავთანდილმა მოკრძალებით გაიღიმა. მეფემ ჰკითხა, რაზე იცინოდა. ჭაბუკმა დაუფიცა, რომ რასაც ეტყოდა, არ გაწყენოდა. შემდეგ შეჰკადრა, რომ არც ის იყო უარესი მშვილდოსანი და შესთავაზა შეჯიბრი, რომ დაემტკიცებინა თავისი ოსტატობა.
როსტევანი დათანხმდა შეჯიბრზე და სანაძლეოც დადეს: ვინც უარესი მშვილდოსანი აღმოჩნდებოდა, სამი დღე თავშიშველი უნდა ევლო. მეფემ ბრძანა, მინდორში ნადირი გამოეშვათ და გამოაცხადა, რომ მეორე დღეს, დილით, ყველა უნდა შეკრებილიყო შეჯიბრზე. ნადიმი დაიშალა და ყველა გახარებული წავიდა.