ილია ჭავჭავაძის ბიოგრაფია
ილია ჭავჭავაძე (დ. 8 ნოემბერი, 1837, ყვარელი — გ. 12 სექტემბერი, 1907, წიწამური) იყო ქართველი მწერალი, საზოგადო მოღვაწე, პუბლიცისტი, ჟურნალისტი და პოლიტიკოსი. 1906-1907 წლებში ის რუსეთის იმპერიის სახელმწიფო საბჭოს წევრი იყო. მე-19 საუკუნეში მან დიდი როლი ითამაშა საქართველოში სამოქალაქო საზოგადოების ჩამოყალიბებაში და ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის გაძლიერებაში. ასევე, იგი მხარს უჭერდა ლიბერალური იდეების გავრცელებას.
იგი იყო თერგდალეულთა თაობის ლიდერი – ახალგაზრდების ჯგუფის, რომლებმაც საქართველოში ევროპული და თანამედროვე იდეები შემოიტანეს. მისი ხელმძღვანელობით შეიქმნა გაზეთები „საქართველოს მოამბე“ და „ივერია“, რომლებმაც მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს ქართული ჟურნალისტიკის განვითარებაში.
მან ასევე დააარსა პირველი ფინანსური დაწესებულება – სათავადაზნაურო-საადგილმამულო ბანკი და 30 წლის განმავლობაში ხელმძღვანელობდა მას. ეს ბანკი საქართველოს კულტურულ, საგანმანათლებლო, ეკონომიკურ და საქველმოქმედო პროექტებს აფინანსებდა.
ილია აქტიურად ეხმარებოდა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მუშაობას და მისი მხარდაჭერით არაერთი ქართული სკოლა გაიხსნა, რაც ხელს უშლიდა რუსიფიკაციის პროცესს.
მისმა პუბლიცისტიკამ დიდი გავლენა მოახდინა ქართული ეროვნული და სამოქალაქო ცნობიერების ჩამოყალიბებაზე. მისი წერილები ეხებოდა ეროვნულ საკითხებს, განათლებას, ეკონომიკას, ლიტერატურას, თეატრსა და მსოფლიო პოლიტიკას. ის აქტიურად საუბრობდა თვითმმართველობაზე, სასამართლო სისტემაზე, სოციალურ სამართლიანობაზე, ადამიანის და ქალთა უფლებებზე.
როდესაც რუსეთში რევოლუცია დაიწყო, ის აირჩიეს რუსეთის იმპერიის სახელმწიფო საბჭოს წევრად, სადაც ქართველი ხალხის ინტერესებს იცავდა. ის მონაწილეობდა სიკვდილით დასჯის წინააღმდეგ დებატებში და ცდილობდა, საქართველოსთვის ავტონომია მოეპოვებინა.
ილია ჭავჭავაძის მხატვრული შემოქმედება ძირითადად ეროვნულ და სოციალურ თემებს ეხება. მისი ნაწარმოებები, როგორიცაა „აჩრდილი“, „ქართვლის დედა“ და „დიმიტრი თავდადებული“, სამშობლოს სიყვარულს და თავდადებას ასახავს. სხვა ნაწარმოებებში, როგორიცაა „გლახის ნაამბობი“, „კაცია-ადამიანი?!“ და „ოთარაანთ ქვრივი“, ის აკრიტიკებს სოციალური უთანასწორობას და ფეოდალურ წეს-ჩვეულებებს.
ილია ჭავჭავაძე განათლება

ილია ჭავჭავაძემ სწავლა 1848 წელს დაიწყო ერთ-ერთ საუკეთესო კერძო სკოლაში – რაევსკის პანსიონში. 1851 წელს კი თბილისის გიმნაზიის მეოთხე კლასში გადავიდა.
1852 წლის დეკემბერში, როცა ილია თბილისში სწავლობდა, მამამისი გარდაიცვალა. ამ მძიმე ტვირთის ზიდვა მის მამიდას, მაკრინეს დააწვა, რადგან მან არა მხოლოდ ილიას ოჯახზე, არამედ ხუთი ობოლი ძმისშვილზეც უნდა ეზრუნა. სწორედ ამ პერიოდში დაწერა ილიამ თავისი ერთ-ერთი პირველი პოეტური ნამუშევარი – „მოთქმა საწყლისა“.
მამის გარდაცვალების გამო ილიას მძიმე პერიოდი დაეწყო და სწავლაშიც პრობლემები შეექმნა, რის გამოც მეოთხე კლასში დარჩა. თუმცა 1853 წელს მისი ნიშნები საგრძნობლად გაუმჯობესდა.
სწავლა პეტერბურგის უნივერსიტეტში (1857-1861)
1857 წლის ზაფხულში ილია პეტერბურგში გაემგზავრა და იურიდიულ ფაკულტეტზე ჩააბარა. 1859 წელს ჯანმრთელობის გაუარესების გამო დროებით საქართველოში დაბრუნდა, რათა გამოჯანმრთელებულიყო.
ილიას სტუდენტობის შესახებ ბევრი მოგონება დარჩა. მისი მეგობარი კოხტა აფხაზი იხსენებდა, რომ ილია განსაკუთრებით ინტერესდებოდა პოლიტიკითა და ეკონომიკით. ქართველი სტუდენტები ხშირად იკრიბებოდნენ და საქართველოს მომავალზე მსჯელობდნენ.
ამ წლებში ევროპაში არაერთი ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობა მიმდინარეობდა, მათ შორის, იტალიის გაერთიანება. ილია აღფრთოვანებით ადევნებდა თვალს ამ პროცესებს და ამ თემაზე ლექსიც კი დაწერა – „მესმის, მესმის სანატრელი, ხალხთ ბორკილის ხმა მტვრევისა…“.
პეტერბურგის უნივერსიტეტში იმ პერიოდში დაახლოებით ოცდაათი ქართველი სტუდენტი სწავლობდა. მათგან ბევრი შემდგომში საქართველოში დაბრუნდა და „პირველი დასის“ წევრი გახდა.
ილია ჭავჭავაძე სტუდენტობა
1857-1861 წლებში ილია ჭავჭავაძემ არაერთი მნიშვნელოვანი ნაწარმოები შექმნა. მისი ლექსები და პოემები ეხებოდა ეროვნულ და სოციალურ თემებს, ბატონყმობის წინააღმდეგ გამოსვლას და თავისუფლების იდეებს.
ამ პერიოდში დაწერა:
- „აჩრდილი“ (1859) – რომელიც ეროვნულ და სოციალურ პრობლემებს ეხებოდა.
- „ქართვლის დედა“ – დრამატული პოემა, რომელიც სამშობლოს სიყვარულს ეხებოდა.
- „კაკო ყაჩაღი“ (1860) – ნაწარმოები, რომელიც ბატონყმობას აკრიტიკებდა.
- ასევე თარგმნა ევროპელი და რუსი მწერლების ნამუშევრები, მათ შორის, შილერის, ჰაინეს, ბაირონისა და პუშკინის ლექსები.
ამავე პერიოდში ილიამ შექმნა პირველი მნიშვნელოვანი პროზაული ნაწარმოებები, როგორებიცაა:
- „გლახის ნაამბობი“ (1859) – რომელიც ბატონყმობის პრობლემებზე საუბრობდა.
- „კაცია-ადამიანი?!“ – სატირული მოთხრობა, სადაც მებატონეების მანკიერ მხარეები არის გაშუქებული.
ამასთან, ილიამ შეიმუშავა ლიტერატურისა და კრიტიკის ახალი პრინციპები, რომლებიც რეალიზმს და მკითხველისთვის გასაგები ენის გამოყენებას ეყრდნობოდა.
პირველი ნაბიჯები სამოქალაქო ცხოვრებაში – “საქართველოს მოამბე”
ილია ჭავჭავაძის საზოგადოებრივ ასპარეზზე გამოჩენა უკავშირდება “ცისკარში” გამოქვეყნებულ კრიტიკულ სტატიას, რამაც დიდი მითქმა-მოთქმა გამოიწვია. მალევე მან დააარსა ჟურნალი “საქართველოს მოამბე”, რომელიც ქართული საზოგადოების გაერთიანებისა და ენის დემოკრატიზაციის იდეას ემსახურებოდა. მიუხედავად მთავრობის მხრიდან პოლიტიკური მიმოხილვების აკრძალვისა, ჟურნალმა მაინც მოახერხა საზოგადოებრივი დებატების წამოწყება. თუმცა, ფინანსური პრობლემების გამო, “საქართველოს მოამბე” მხოლოდ ერთი წელი არსებობდა.
გლეხთა განთავისუფლება
XIX საუკუნის 60-იან წლებში საქართველოში გლეხთა განთავისუფლების პროცესი მიმდინარეობდა. ილია ჭავჭავაძე აქტიურად იბრძოდა იმისთვის, რომ გლეხებს მიწა მიეღოთ. თავადაზნაურთა კრებებში იგი დაპირისპირებაში შედიოდა კონსერვატორ წარმომადგენლებთან. მოგვიანებით, საკუთარი ხედვების შესაბამისად, საკუთარ გლეხებს მიწა უსასყიდლოდ გადასცა.
სახელმწიფო სამსახურში გადასვლის შემდეგ, მომრიგებელი მოსამართლის პოზიციაზე, ილია კვლავაც ცდილობდა გლეხთა უფლებების დაცვას.
თბილისის საადგილმამულო ბანკი
1870-იან წლებში დიმიტრი ყიფიანის ინიციატივით და ილია ჭავჭავაძის აქტიური ჩართულობით დაარსდა თბილისის საადგილმამულო ბანკი. მისი მიზანი თავადაზნაურობის ეკონომიკური კრიზისისგან დაცვა იყო, თუმცა ილიამ ბანკი საზოგადოებრივი სიკეთისთვისაც მოიხმარა.
ბანკი აფინანსებდა:
- განათლებას (ქართულ გიმნაზიებს, ქალთა სასწავლებლებს);
- კულტურას (ქართული თეატრის აღდგენას);
- ინფრასტრუქტურას (რკინიგზის მშენებლობას);
- სოციალურ დახმარებებს (ქოლერასა და შიმშილთან ბრძოლას).
ილიას წინააღმდეგობა შეხვდა იმ აზრს, რომ ბანკი მხოლოდ თავადაზნაურთა ინტერესებს უნდა ემსახურებოდა. თუმცა, მან მოახერხა საბანკო რესურსების საზოგადოებრივი საჭიროებებისკენ მიმართვა და საკუთარი “თვითმოქმედების” პრინციპი რეალობად აქცია.
გაზეთი „ივერია“
1870-იან წლებში საფუძველი ჩაეყარა ერთ-ერთ მნიშვნელოვან საზოგადოებრივ პროექტს – გაზეთ “ივერიას”. ეს გაზეთი ილიას და “დროების” სარედაქციო ჯგუფს, განსაკუთრებით ნიკო ნიკოლაძეს შორის არსებულმა დაპირისპირებამ განაპირობა. ნიკოლაძე სკეპტიკურად უყურებდა ილიას წამოწყებას და ფიქრობდა, რომ ის ამ გაზეთს ბანკში თავისი პოზიციის გასამყარებლად ქმნიდა.
თუმცა “ივერიამ”, რომელიც ილიას რედაქტორობით 1902 წლამდე გამოდიოდა (შემდგომ 1906 და 1909 წლებში კვლავ აღდგა), დაამტკიცა, რომ მხოლოდ ერთი ადამიანის ინტერესებისთვის არ არსებობდა. მისი ფორმატი დროდადრო იცვლებოდა: 1877-78 წლებში იყო ყოველკვირეული, 1879 წელს ყოველთვიურ ჟურნალად გარდაიქმნა, მოგვიანებით სამთვიანი ალმანახი გახდა, ხოლო 1886 წლიდან უკვე ყოველდღიურ გამოცემად ჩამოყალიბდა.
გაზეთის მნიშვნელობა კარგად ჩანს მისი პირველი ნომრის წინასიტყვაობაში, სადაც ილია ხაზს უსვამს, რომ ჟურნალ-გაზეთობის მთავარი ამოცანა ცოდნის გავრცელებაა. ის მიიჩნევდა, რომ გაზეთმა საზოგადოებაში უნდა გააღვივოს თვითმოქმედების სურვილი, ხელი შეუწყოს განათლებას და ზნეობრივი ღირებულებების ჩამოყალიბებას.
“ივერიის” გვერდებზე ქვეყნდებოდა მნიშვნელოვანი ლიტერატურული ნაშრომები და პუბლიცისტური წერილები პოლიტიკურ და სოციალურ საკითხებზე. ერთ-ერთი მთავარი რუბრიკა “საშინაო მიმოხილვა” ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს არა მხოლოდ აღწერდა, არამედ აანალიზებდა და განიხილავდა მათ. ასევე დიდი ყურადღება ეთმობოდა უცხოეთის ამბებს, რაც ქართველ საზოგადოებას ევროპასთან უფრო აახლოებდა.
ილიას და “ივერიის” განსაკუთრებული როლი ჰქონდა აჭარაში მიმდინარე პროცესებში. რუსეთის იმპერიის მიერ აჭარის შემოერთების შემდეგ, ილიამ ხაზი გაუსვა, რომ რელიგიური განსხვავებები არ უნდა გამხდარიყო ეროვნული ერთიანობის ხელისშემშლელი ფაქტორი. მან ამაზე ისაუბრა თავის ცნობილ წერილში “ოსმალოს საქართველო”. ასევე, ილია აქტიურად მონაწილეობდა აჭარლების დახმარების კამპანიაში, რაც საქველმოქმედო ღონისძიებებითა და სკოლების გახსნით გამოიხატა.
1890-იანი წლებიდან, ილია გაზეთის ყოველდღიურ საქმიანობაში ნაკლებად ერთვებოდა, რადგან დაკავებული იყო ბანკისა და “წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების” მართვით. მან თანარედაქტორობა შესთავაზა ნოე ჟორდანიას, თუმცა ეს თანამშრომლობა არ შედგა. მოგვიანებით, “ივერიის” რედაქციაში გამოჩნდა “ახალგაზრდა ივერიელების” ჯგუფი, რომელთა შორისაც ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფიგურა გიორგი ლასხიშვილი იყო. მათ უფრო რადიკალური ეროვნული პოზიცია ჰქონდათ, რის გამოც მთავრობამ 1899 წელს გაზეთი დროებით დახურა, თუმცა ილიას ძალისხმევით 8 თვის შემდეგ ის კვლავ აღდგა.

1902 წელს ილია ჩამოშორდა “ივერიის” რედაქტორობას. აღსანიშნავია, რომ როდესაც მისი წინააღმდეგ ცილისმწამებლური წერილი დაიწერა, “ივერიამ” ის მაინც გადაბეჭდა, თუმცა ილიას საპასუხო წერილი არ გამოაქვეყნა.
წიწამური ილია ჭავჭავაძე
28 აგვისტოს, ის და მისი მეუღლე ოლღა თბილისში საგურამოსკენ მიემგზავრებოდნენ, როცა წიწამურთან მათ ექვსი შეიარაღებული კაცი დაესხა თავს. თავდამსხმელებმა ილია მოკლეს და გაიქცნენ.
მისი მკვლელობის მიზეზებზე დღემდე კამათობენ. ზოგი ისტორიული წყაროს მიხედვით, ეს საქმე სოციალ-დემოკრატებსა და ბოლშევიკებს დაუგეგმავთ, რადგან ილია გმობდა მათ რევოლუციურ მეთოდებს და დიდ გავლენას ახდენდა საზოგადოებაზე. მეორე მსოფლიო ომის დროს ერთი მოხუცი ამბობდა, რომ ილიას მკვლელობა რუსეთის ჟანდარმერიას დაეგეგმა. მოგვიანებით, საბჭოთა ხელისუფლებამ გამოძიება დაიწყო და დაასკვნა, რომ მეფის მთავრობის საიდუმლო პოლიციას შეეძლო ამ საქმეში მონაწილეობა ჰქონოდა.
ქართველმა ხალხმა ილიას მკვლელობა ეროვნულ ტრაგედიად აღიარა. მის დაკრძალვაზე ავადმყოფმა აკაკი წერეთელმა თქვა: „ილიას წვლილი ქართველი ერის აღორძინებაში მომავალი თაობებისთვის მაგალითი იქნება.“ ვაჟა-ფშაველამ კი აღნიშნა: „ილიას მკვლელებს რომ შეეძლოთ, საქართველოსაც მოკლავდნენ.“
1987 წელს, საქართველოს მართლმადიდებელმა ეკლესიამ ილია წმინდანად შერაცხა და მას წმინდა ილია მართალი უწოდა.
ილია ჭავჭავაძე ლექსები
ბედნიერი ერი
ჩვენისთანა ბედნიერი
განა არის სადმე ერი?
მძიმე ყალნით,
ლამაზ ფალნით,
მორთული და მშვენიერი;
უწყინარი,
უჩივარი,
ქედდრეკილი, მადლიერი;
უშფოთველი,
ქვემძრომელი,
რიგიანი, წესიერი;
ყოვლად მთმენი,
ვით ჯორ-ცხენი,
ნახედნი და ღონიერი.
ჩვენისთანა ბედნიერი
განა არის სადმე ერი?!
ყველა უნჯი,
ყველა მუნჯი,
გულჩვილი და ლმობიერი;
თვალაბმული,
თავაკრული,
პირს ლაგამი ზომიერი;
ყველა ყრუი,
ყველა ცრუი,
ჭკვადამჯდარი, გულხმიერი;
მცირე, დიდი –
ყველა ფლიდი,
ცუღლუტი და მანკიერი.
ჩვენისთანა ბედნიერი
განა არის სადმე ერი?!
მტვერწაყრილი,
თავდახრილი,
ყოვლად უქმი, უდიერი;
უზღუდონი,
გზამრუდონი,
არგამტანი და ცბიერი;
მტრის არმცნობი,
მოყვრის მგმობი,
გარეთ მხდალი, შინ ძლიერი;
არრის მქონე,
არრის მცოდნე,
უზრუნველი და მშიერი.
ჩვენისთანა ბედნიერი
კიდევ არის სადმე ერი?
- ლოცვა
მარად და ყველგან, საქართველოვ, მე ვარ შენთანა
მას აქეთ, რაკი შენდამი ვცან მე სიყვარული ..
მაშინ დავსტკბები სრულის სამოთხით ..
მესმის, მესმის სანატრელი ..
მეფე დიმიტრი თავდადებული (თავი მეექვსე)
მტკვრის პირას
მუშა
მუხრან მაჭავარიანი – ილია
მწუხარება
ნანა
ნიკოლოზ ბარათაშვილზედ
ოჰ, სად არიან, სიჭაბუკევ, სიტკბონი შენნი? ..
პასუხის პასუხი
პოეტი
რა ვაკეთეთ, რას ვშვრებოდით
რამდენიმე სურათი ანუ ეპიზოდი ყივჩაღის ცხოვრებიდან
რისთვის მიყვარხარ?
სამოცი წლისთავზე (ილიას)
სანთელი
უსულდგმულო ცხოვრება ..
ქართვლის დედას
ქართვლის დედას (პოემა)
ღამე
ყვარლის მთებს
ჩემო კალამო ..
ჩემო კარგო ქვეყანავ ..
ციური ხმები
ხმა გულისა - ბაზალეთის ტბა
ბედნიერი ერი
გ.აბ ხ..
გაზაფხული
განდეგილი (პოემა)
გუთნის დედა
დაბნელდა სული ..
დაე თუნდ მოვკვდე არ მეშინიან ..
დაკარგული ედემი
დამაკვირდი
დედავ ღვთისაო! ეს ქვეყანა